საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლე ბესარიონ ალავიძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე საუბრობს.
როგორც უზენაეს სასამართლოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა ნათია ცხადაიამ განაცხადა, 27 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა და მოსამართლის, მაია გიგაურის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით.
ცხადაიას თქმით, აღნიშნული განცხადება ემყარებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იმ დროისთვის გამოკვლეული ფაქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზს, ხოლო საკითხის შესწავლა მოხდა ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე.
პრესსპიკერის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიასაშუალებებში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებით დაინტერესდა იმ საქმის დეტალებით, რომელიც ასევე შეეხებოდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის იურიდიულ განათლებასა და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
"საქმის მასალების გამოთხოვისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მეტად საყურადღებო გარემოებები. კერძოდ, ალექსანდრე ალადაშვილმა თავის განცხადებას ბესარიონ ალავიძის დიპლომის ასლთან ერთად დაურთო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაკეთებულია არა უშუალოდ ბესარიონ ალავიძის, არამედ სხვა პირის სახელზე გაცემულ დიპლომთან დაკავშირებით, რომელიც შინაარსობრივად განსხვავებულია და ეხება 2001-2005 სასწავლო წელს, მაშინ როდესაც ბესარიონ ალავიძეს 1995-1998 წლებში აქვს მიღებული განათლება", - განმარტა ცხადაიამ.
მისივე თქმით, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, მტკიცებულების ფალსიფიკაციას, რის გამოც უზენაესი სასამართლო საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებას სთხოვს.
ამასთან, ცხადაიას თქმით, მოსამართლე მაია გიგაურის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით საქმის დამატებითი შესწავლა ჯერ არ მომხდარა.