საქართველოს მთავარი პროკურატურა გიგი კალანდაძისთვის ბრალდების მოხსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს , კალანდაძეს სასამართლოს მიერ ბრალი მისთვის წარდგენილი ბრალდების არც ერთ ნაწილში არ მოხსნია.
"დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდება მოუხსნა გ. კალანდაძეს. საქართველოს მთავრი პროკურატურა აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გიორგი კალანდაძეს სასამართლოს მიერ ბრალი მისთვის წარდგენილი ბრალდების არც ერთ ნაწილში არ მოხსნია. მას ამჟამადაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლებით, რითაც საქმე მის მიმართ წარიმართა სასამართლოში. კერძოდ, მას ბრალი ედება სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ) და გ) ქვეპუნქტებით ორი ეპიზოდსათვის, 25-142-ე მუხლის ა) და ე) ქვეპუნქტებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან, უწყება იმ ბრალდებებსაც განმარტავს, რის საფუძველზეც კალანდაძის წინააღმდეგ ძიებაა დაწყებული. "2012 წლის 8 ნოემბერს, კალანდაძეს ბრალდება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რისთვისაც 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მას შეეფარდა გირაო 20 000 ლარი. 2012 წლის 12 ნოემბერს წარედგინა ბრალდება სსკ-ის333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 13 ნოემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეეფარდა გირაო 10 000 ლარი. 2012 წლის 19 ნოემბერს, კალანდაძეს კიდევ ერთი ბრალდება წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტებით, რასთან დაკავშირებითაც, 20 ნოემბერს შეტანილი შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე, სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. 2013 წლის 22 იანვარს, გიორგი კალანდაძეს წარედგინა დაზუსტებული და საბოლოო ბრალდება მასზედ, რომ ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი); 25, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტით; 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (1 ეპიზოდი). 2013 წლის 1 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე გიორგი კალანდაძეს მოუხსნა მხოლოდ 2012 წლის 12 ნოემბერს და 19 ნოემბერს წარდგენილი ბრალდებები და ძალაში დატოვა 2012 წლის 8 ნოემბრის და 2013 წლის 22 იანვრის შემაჯამებელი ბრალდებები. შესაბამისად, დღეს მას ბრალი ედება იმავე მუხლებით, რაც მას წარედგინა 2013 წლის 22 იანვრის საბოლოო და შემაჯამებელი ბრალდებით ანუ გიორგი კალანდაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი); 25, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტით; 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (1 ეპიზოდი)", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.