საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობიდან ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს .
როგორც ბარათაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებითაა განპირობებული. მისი თქმით, ბერძენიშვილს შესთავაზა მის მრჩევლად გადასვლა, რაც უფრო მაღალი თანამდებობაა და მისი დაწინაურება იქნებოდა.
"მე ხათუნა ბერძენიშვილს დღეს შევთავაზე ახალი კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს საზოგადებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად გადმოსვლას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში. რატომ მოხდა ეს? სამეურვეო საბჭოს 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, მაუწყებელში შემოვიდა ახალი სტრუქტურა – ამ სტრუქტურის მიხედვით, აღარ არსებობს საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი, შესაბამისად, აღარ არსებობს მისი ხელმძღვანელი", - განაცხადა ბარათაშვილმა.
მისივე განმარტებით, ის ბერძენიშვილის განცხადებებით გაოცებული დარჩა, რადგან თავად საინფორმაციო პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა. "ხათუნას ბრიფინგს ვუყურე და გაოცებული დავრჩი იმ ტყუილებით, რაც მან თქვა. თეა წულუკიანის თემაზე მისთვის არც ერთხელ დამირეკავს და, საერთოდ, მასთან ორი კვირაა სატელეფონო კონტაქტი არ მქონია. ჩვენ ორი კვირის წინ შევხვდით ტელევიზიის გარეთ და სწორედ მაშინ შევთავაზე მას ახალ თანამდებობაზე გადმოსვლა, თუმცა ფულზე საუბარი არ ყოფილა. ასევე, ტყუილია პრემიერის ბრიფინგების მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში გაშუქების საკითხზე მისი განცხადება. არასდროს გვქონია ამაზე საუბარი, არც ერთხელ ჩავრეულვარ საინფორმაციო სამსახურის მუშაობაში. ერთადერთი, რაც ჩვენი საუბრის თემა იყო, ესაა 8 თებერვლის მოვლენები და პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრიფინგი, რომელიც 7 წუთით ადრე გამოიყვანეს ეთერიდან. სხვა თემა ბორდზე არ განგვიხილავს", - აღნიშნა ბარათაშვილმა.
რაც შეეხება მასსა და ირაკლი ტრიპოლსკის შორის ნათესაურ კავშირს, არხის გენერალური დირექტორის თქმით, ტრიპოლსკისთან მას ბუნდოვანი ნათესაობა აქვს, ხათუნა ბერძენიშვილი კი მისი შვილის ნათლიაა. აღნიშნულ კონტექსტში, ბარათაშვილი ფიქრობს, რომ ბერძენიშვილს უნდოდა ამ ყველაფერს პოლიტიკურ ელფერი მოჰყოლოდა.
ამასთან, ბარათაშვილის განცხადებით, ბერძენიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შესვლას არავინ დაუშლის, თუმცა ვინაიდან ის ახალ, ერთწლიან კონტრაქტს არ დათანხმდა, მას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ ექნება. "საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი ორშაბათს შიდა კადრებიდან, ჟურნალისტებიდან მოვალეობის შემსრულებლად ვინმე დაინიშნება", - დასძინა მან.