მაია ფანჯიკიძემ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხები განიხილა. საგარეო საქმეთა მინისტრი პარტიის დელეგაციის წევრებს სამინისტროში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრა საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. მინისტრის თქმით, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი მათ უკვე დიდი ხანია აქვთ. შეხვედრა უნდა შემდგარიყო ბრიუსელში და ვერ მოხერხდა, ამჯერად კი მისასალმებელია, რომ დღეს მიეცა შესაძლებლობა დელეგაციის წევრებს პირადად გასაუბრებოდა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები საკმაოდ კარგად იყვნენ გაცნობიერებული საქართველოს შიდა და საგარეო საკითხებში, თუმცა მან დამატებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა პროცესების შესახებ. მისივე თქმით, რიგ საკითხებს შორის საუბარი კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობასაც შეეხო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს ევროპის სახალხო პარტიის სამი წარმომადგენელი სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ პარტიის საგარეო საქმეთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ფრანკო ფრატინი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუს ვოლსკი და პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ნიკოლას ბრუეკი.