მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულები არიან
ყოფილი პოლიციელები, მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე.
პროკურატურის ინფორმაციით, ლიპარტელიანმა 4-ჯერ მისცა ჩვენება, სადაც ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს, თუმცა, ირაკლი ფარცხალავას მიერ ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ადგილზე სხვადასხვა სახის იარაღი ნახა.
ასევე, პროკურატურის ცნობით, ლევან ლობჟანიძემ რამდენჯერმა მისცა ჩვენება და ყველა ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იმ მოწმეების შესახებ, რომლებმაც ჩვენება შეცვალეს, პროკურატურას გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს მიეღო. ამ მოწმეების დაკავებას ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძეც ითხოვდა.