ელექტრონულ მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის დადგენის ვადამ 1-ელ მაისამდე გადაიწია .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრ ნოდარ ხადურსა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციას შორის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
"შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. კომპანიების მხრიდან არის სრული მზაობა იმისა, რომ ვითანამშრომლოთ. ფინანსთა მინისტრის პირველი ბრძანება, რომელიც ელექტრონულ მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის განსაზღვრას ეხებოდა, ძალაში 2013 წლის მარტიდან უნდა შესულიყო. დღეს მიღწეული შეთანხმებით, ვადამ 1-ელ მაისამდე გადაიწია. აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფინანსთა სამინისტრომ კიდევ ორთვიანი ვადა აიღო", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტროს პოზიციაა აღრიცხვიანობის მოწესრიგება მოხდეს ისე, რომ არ გაძვირდეს პროდუქცია და ბიზნესს არ შეექმნას ხელოვნური ბარიერები.
პარალელურად, ფინანსთა მინისტრი ყველა საწარმოში მისვლას და პრობლემების ადგილზე გაცნობას გეგმავს. ნოდარ ხადურის განცხადებით, გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, საექსპორტო პროდუქცია არ დაექვემდებარება მარკირებას. "აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, ექსპორტიორ კომპანიებს არ შეუსუსტდეთ კონკურენტუნარიანობა საზღვარგარეთ," - განაცხადა მინისტრმა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასეს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა. როგორც კომპანია "ივერია რეფრეშმენტსის" (პეპსის) გენერალურმა დირექტორმა დავით ლომჯარიამ განაცხადა, ასოციაცია მოხარულია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან კონსტრუქციულ დიალოგს მართავს. მისივე თქმით, ვადის გადაწევა ნიშნავს იმას, რომ ელექტრონულ მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხი დამუშავდება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებით მეორე შეხვედრა ბორჯომში, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში გაიმართება.