თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, პროკურატურას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა სურდა, თუმცა რაღაც გარემოებების გამო ამას მოერიდა.
ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.
"პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონის შეფარდების შესახებ პირადად ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, ამას ხელწერაზე ვატყობ. ასევე ჩემი ინფორმაციით, პროკურატურას ჩემთვის პატიმრობის შეფარდებას მოთხოვნა სურდა, თუმცა ამას მერე რაღაც გარემოებების გამო მოერიდნენ. ეს ორი ეპიზოდი, რაშიც ბრალი მედება სასაცილო და აბსურდულია, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის ხელოვნურად დაკავშირებული ორი ეპოზოდი. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის მიზანი მერიის ხელში ჩაგდებაა", - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, თბილისის მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.