საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, პირადად მისთვის გიგი უგულავას განაჩენი უკვე გამოტანილია.
ამის შესახებ სანიკიძემ "მაესტროს" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესის კომენტირებისას განაცხადა.
"ის, რაც ბრალდების მიერ არის წარმოდგენილი, ზედაპირზე დევს, მაინცდამაინც ბევრი საჩიჩქნი ამ საქმეში როგორც ჩანს, არ არის. მე გამოვთქვამ იმედს ქართული სასამართლოს ობიექტურობის შესახებ, თუმცა სამწუხაროდ, ამის საფუძველი არ მაქვს, რადგან სასამართლო ხელისუფლება ფაქტიურად იყო ოკუპირებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. რაც შეეხება უგულავას დანაშაულს, ქვეყანაში მიდის დიდი კივილ-წივილი იმის შესახებ, რომ ახალი ხელისუფლება ძველი მთავრობის წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლებს ახორციელებს. დაველოდოთ ქართულ მართლმსაჯულებას, ჩემთვის პირადად განაჩენი გამოტანილია 1 ოქტომბერს, როცა ქართველმა ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობას" უთხრა უარი. მე მიმაჩანია, რომ გირაოს ოდენობა მთავარი თემა არ არის, აქ მთავარია რამდენად გაითვალიწინებს სასამართლო იმ მტკიცებულებებს, რომელიც მას წარუდგინეს", - განაცხადა სანიკიძემ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად გიგი უგულავა ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის თვალსაზრისით ქვეყანაში თანამდებობის მეორე პირია.
"ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. სხვათა შორის, მე მინდა, გითხრათ, რომ ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რაც ჩვენს ხალხს ჰქონდა, როცა ხმა მოგვცა იყო სამართლიანობის აღდგენა. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მე ძალიან მაინტერესებს, რატომ არის გიგი უგულავა ქვეყანაში მეორე ადამიანი. საიდან მოიტანა სააკაშვილმა, ან კანონმდებლობით, ან დაწერილი ან დაუწერელი კანონით, ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობით დღეს პირველ ადგილზე დგას “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი. გადაიხდის თუ არა უგულავა მილიონს და აქვს თუ არა მას ეს თანხა, ნაკლებად მაინტერესებს. ფაქტია, რომ ქვეყანა არის ნანგრევებში დარჩენილი და ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ", - განაცხადა სანიკიძემ.