რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების შესაძლებლობა არსებობდა".
როგორც ლავროვმა დღეს დიპლომატიურ აკადემიაში სტუმრობისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, "ომამდე საქართველოსთან შეთანხმების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ის სააკაშვილის მიერ იქნა ტორპედირებული, ამიტომ რუსეთისთვის 2008 წელს სხვა არჩევანი არ არსებობდა".
"თუ სააკაშვილს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ყველაფერი გამოუვიდოდა, შემდეგ რიგში აფხაზეთი იქნებოდა. შესაბამისი გეგმა საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობები მყარდება, თუმცა პრობლემა "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ძმების ღალატის ფასად არ მოგვარდება".