ოქტომბრის არჩევნების გზით ოპოზიციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შემდეგ განვითარებული მოვლენები, ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებასა და სტაბილურობაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს , - ამის შესახებ ნათქვამია ლიტვის "ქრისტიან-დემოკრატული კავშირის" თავმჯდომარისა და ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის მიმართვაში, რომელსაც იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს უგზავნის.
მიმართვის მიხედვით, საქართველოს ევროპელი მეგობრები იმედოვნებენ, რომ ქვეყანას დემოკრატიული მიღწევები ექნება და კანონის უზენაესობა დაცული იქნება.
"საქართველოში მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება - ყოფილი მთავრობისა და პარლამენტის წევრების დაპატიმრებები და სამართლებრივი დევნა; პარლამენტის წევრებზე პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი მმართველობიდან გადაყენების მიზნით, მმართველი პარტიის უარი – მოესმინათ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, ის მოვლენებია, რომელსაც საქართველოს კეთილმოსურნეები ვერ მიესალმებიან. არ შეიძლება, გამართლებული იყოს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ აგრესიული ბრბოს თავდასხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებზე. ლიტვა ყოველთვის იყო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი, განსაკუთრებით ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. გასულ წლებში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში, უამრავი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გატარებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გასული წლების განმავლობაში გატარებულ რეფორმებს, რომელთა შეჩერება სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქართველს ხალხსა და მის მომავალს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი, კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს და შევძლებთ, მივაღწიოთ ასოციაციის შეთანხმებას საქართველოში. ამავე დროს ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ლიდერების ერთობლივ მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანამ ამ გზას არ გადაუხვიოს", - ნათქვამია ანდრიუს კუბილიუსის მიმართვაში.