შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის ჩვენებას, რომელშიც ვარძელაშვილი წუხელ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ყვება.
"22 თებერვალს, ჩემთან სახლში შევიკრიბეთ მე და ჩემი მეგობრები, მეუღლეებთან ერთად. სახლში მაქვს პირად მფლობელობაში არსებული რამდენიმე იარაღი. ერთ-ერთი მქონდა ნაჩუქარი მეგობრისგან, რომლის გადმოფორმებაც ვერ მოვასწარი. იარაღები სეიფში მქონდა შენახული და მეგობრებმა დაათვალიერეს ჩემი კოლექცია. დათვალიერების დროს ერთ-ერთ ჩემს მეგობარს შემთხვევით გაუვარდა იარაღი და მოხდა ეს შემთხვევა", - აცხადებს ლადო ვარძელაშვილი.
შსს-ის ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ვარძელაშვილის გარდა ასევე დაკავებული არიან ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.