პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან.
დღეს კახა კალაძე დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მუშტაიდის ბაღში შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
კახა კალაძემ, მოსახლეობას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობისა და თბილისობის დღესასწაულები მიულოცა.
თბილისის მერობის კანდიდატმა ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რის წინაშეც ქვეყანა დღეს იმყოფება.
"თბილისი ამ დღებში კიდევ უფრო განსაკუთრებული და ლამაზია. მიხარია, რომ უამრავ ადამიანს ვხვდებით ქუჩაში, ვინც მადლიერებას, მხარდაჭერას გამოხატავს. მადლობა აქ მობრძანებისთვის. მე ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ ამდენ თანამებრძოლს ვხედავ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლითა და ბრძოლით მოიპოვეს. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დავიცვათ თითოეული თქვენგანის და ჩვენი შვილების მომავალი და ინტერესები.
ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები, მაგრამ, პირდაპირ ვიტყვი, ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მეგობრობა, რასაც მოგვიწოდებენ. არ არის მეგობრობა, როდესაც მოგიწოდებენ ქვეყანაში გახსნა მეორე ფრონტი.
საქართველო ჩვენი ოჯახია და, პირველ რიგში, ქართველებმა უნდა მივხედოთ. არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს, რომ თავიანთი ინტერესები თავს მოგვახვიონ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გათელონ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მომავალშიც გაგრძელდება ბრძოლა მშვიდობის შესანარჩუნებლად.
„ჩვენ გავაგრძლებთ ბრძოლას ქვეყნის დასაცავად, გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური განვითარება და ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. კეთილდღობა უნდა შევიდეს თითოეულ ოჯახში. რომ არა მშვიდობა, დღეს ჩვენ აქ ვერ შევიკრიბებოდით და ვერ ვისაუბრებდით ქალაქის განვითარებაზე.
ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით – პარკები, სკვერები, რეკრეაციული არეალები, გზების, გამზირების მოწესრიგება, ახალი ბაღების მშენებლობა, ჯანდაცის, სოციალური მიმართულების პროგრამები. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ამით კმაყოფილები ვართ. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ უამრავი გამოწვევაა, უამრავი პრობლემა დგას დღეს დედაქალაქში და ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემებს მიხედოს და გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს, ეს არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ეს არის აქ წარმოდგენილი ჩვენი გუნდი", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის თქმით, მას აქვს თანაქალაქელების მხარდაჭერის იმედი.
"ცხადია, მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში. პირველ რიგში, მაქვს თქვენი – თბილისელების მხარდაჭერის იმედი და თქვენც გქონდეთ ჩემი იმედი. მე ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულსა და პატივისცემას, რაც გაქვთ ჩემს მიმართ და მე შემიძლია მხოლოდ კარგი პროექტებითა და გაკეთებული საქმეებით დაგიბრუნოთ ეს პატივისცემა. მე არ დავიღლები ამ ქალაქის სამსახურში და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა საშუალება ვემსახურო ჩემს თბილისსა და თბილისელებს. ხშირად ისმის, რომ კახა კალაძე უალტერნატივოა და აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ არა, თქვენს გარეშე ვერ გავიმარჯვებთ, მეგობრებო", - განაცხადა კახა კალაძემ და მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ 4 ოქტომბერს მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და ვერაფერმა შეუშალოს ხელი ქალაქის აღმშენებლობისა და განვითარების მომდევნო ოთხწლიან პერიოდს.
"მშვიდობა საქართველოს -მეტი სიკეთე თბილისს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი და დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები.