დედაქალაქის მერია მზად არის, კომუნალური გადასახადების მიმართულებით პარლამენტს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და შესაძლოა, აღნიშნულ საკითხზე შაბათ-კვირას კონსულტაციებიც შედგეს.
ამის შესახებ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა, "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონსა და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას აცნობა.
დეპუტატ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული პროექტით, ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით წარდგენილი პროექტის თანახმად, დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი წესდება, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ამ მიმართულებით სულადობრივი ზღვარიც შემოდის და კანონში იწერება, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.
პროექტის თანახმად, "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონით სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება და კანონში ფიქსირდება, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარის მაჩვენებლის შესაბამისად.
საკითხი წარდგენისას ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი მხოლოდ დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს ადგენს, მაგრამ არანაირად არ ეხება აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირებას.
მისი თქმით, ის თუ როგორც მოხდება გადასახადის ამოღება, ამას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო დაადგენს და დაარეგულირებს.
"შეიძლება დარჩეს წესი და პირი, რომელიც დასუფთავების გადასახადს არ გადაიხდის, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეს", – აღნიშნა ხიდაშელმა.