საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ში ვიზიტის მეორე დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის სამუშაო დღე კონგრესში შეხვედრებით დაიწყო. მოგვიანებით კი, იუსტიციის დეპარტამენტში აშშ-ს გენერალურ პროკურორს, ერიკ ჰოლდერსა და იუსტიციის დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება იმ მიმართულებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია.
"აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში აღგვითქვეს, რომ საქართველო მხარდაჭერას მიიღებს ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც ემსახურება სასამართლოში მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ქვეყანაში რეალური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას, ტერფიკინგთან ბრძოლას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისა და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმას", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა აშშ-ს გენერალურ პროკურორსა და დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს იუსტიციის სამინისტროსთვის წლების მანძილზე გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, სადაც თეა წულუკიანი IღI-ის პრეზიდენტს, ლორნ კრანერს, შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს მართლმსაჯულება დგას. განხილულ იქნა ის სირთულეები, რომლებიც თან ახლავს ქვეყანაში, ერთი მხრივ სამართლიანობის აღდგენას, მეორე მხრივ კი - კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას.
მიმდინარე გამოძიებებზე საუბრისას იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ზურაბ ჟვანიას როლს ქართული დემოკრატიის განვითარებაში.
ლორნ კრანერმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ თეა წულუკიანისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ რეფორმების შესახებ, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. მისივე თქმით, IღI გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობას.