შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში, დღეს მოწმის სახით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, დავით ჭედია დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"საქმე ეხება მარშალ გელოვანის გამზირზე ყოფილი "მათე მოტორსის" მფლობელის საჩივარს, თითქოს ქონების მართვის სააგენტომ მოქალაქეს უკანონოდ ჩამოართვა მიწის ნაკვეთი. რეალურად მფლობელს მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული 1600 კვ.მეტრი მიწის ფართობი, ადგილმონაცვლეობის პრონციპით გადაეცვალა დავით აღმაშნებლის ხეივანში 8000 კვ.მეტრ მიწაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოსალონი ააშენა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დავით ჭედიას მოწმის სახით დაკითხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.