სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს, ნუცუბიძის ქ.#26-ში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათია, კითხავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, არსებული ინფორმაციით, ვარძელაშვილი დაკითხვაზე გამთენიისას, შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად, რომელიც ნუცუბიძის ქ.#26-ში წუხელ მოხდა, გარდაცვლილია 45 წლის დევი სირაძე. იგი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2009 წლიდან მუშაობდა, შვებულებაში იმყოფებოდა და სამსახურში დღეს უნდა დაბრუნებულიყო.
ამ დროისთვის არსებული ვერსიით, დევი სირაძე ვარძელაშვილის სახლში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.