თბილისის მერი საქართველოს მთავრობას მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდის მშენებლობაზე კონსულტაციებს სთავაზობს , - ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხიდის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა, რომელიც საჭირო პროცედურების ჩატარებაზეც თანახმა იყო. ქალაქში საცობების შექმნის მოტივით ხიდის აშენებაზე მთავრობის უარი თბილისის მერს სასაცილოდ ეჩვენება. მისი თქმით, "ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მძიმე სატრანსპორტო კვანძია და იქ სამანქანო ხიდის აგება აუცილებელია.
"მინდა, მივმართო პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, რადგან ვეღარ გავერკვიე, ვინ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს. მინდა შევთავაზო, დაფიქრდნენ, კონსულტაციები გავიაროთ, თუ ვინმეს დიზაინი არ მოსწონს, როგორი დიზაინითაც უნდათ, ისეთი იყოს. ეს ხიდი სჭირდება ქალაქს საცობების თავიდან ასაცილებლად და ურბანული თვალსაზრისით. გადავდოთ ყ ოველგვარი პოლიტიკური დაპირისპირება. მზად ვართ, დავსხდეთ და გავაგრძელოთ კონსულტაციები. ამ ხიდის აუცილებლობაზე უამრავი მასალა მოგვეპოვება. დიზაინზე აკვიატება არავის გააჩნია", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამანქანო ხიდზე ვაშლიჯვრიდან მომავალი ტრასის დაერთებაც შესაძლებელი იქნება, რაც გაგარინის მონაკვეთსა და ჟვანიას მოედანს განტვირთავს. თბილისის მერის შეფასებით, ხიდის მშენებლობაზე უარის თქმის ჯანსაღი არგუმენტი არ არსებობს.
"ვიღაცამ გადაწყვიტა, დასაჯოს თბილისელები, რადგან განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავარ. გადავდოთ ეს და გავმართოთ კონსულტაციები. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ჩაგვეტარებინა მოლაპარაკებები, ქონების მართვის სამსახურის უფროსი დაბარებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში, რომელსაც ახლა ანტიკორუფციული დეპარტამენტი ჰქვია. ეს რა შუაშია საერთოდ", - განაცხადა უგულავამ.
მისივე ინფორმაციით, "მათე მოტორსის" წარმომადგენელი, ვინმე ბარკალაია მერიას ედავება მიწაზე, რომელიც ქალაქის მთავრობამ "საქართველოს ბანკის" იპოთეკიდან გამოისყიდა.
"როგორც ჩანს, ამ ადამიანს შეუჩხიკინა პროკურატურამ და იმ მიწის დაბრუნებას ითხოვს. აქ შენდებოდა ხიდი, რომელიც თბილისის მოსახლეობას გამოადგებოდა. "მათე მოტორსის" მიწა სახლში არავის წაუღია", - აღნიშნა უგულავამ.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 18 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით--80 მლნ.ლარი) აღარ აიგება. პროექტის შეჩერების მიზეზად ფონდი მის მიზანშეუწონლობას ასახელებს.