ნუცუბიძის ქუჩაზე, 26-ა-ში დაღუპული დევი სირაძის ცხედარი ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მანქანაში დახვდა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო 033-ის საოპერატოროს უფროსმა, ლევან შავიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, როდესაც ექიმები ადგილზე მივიდნენ, გვამი მანქანაში იყო.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან 5-7 წუთში მივიდა და ექიმებს ცხედარი მანქანის უკანა სავარძელზე დახვდათ.
დევი სირაძე თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 26-ა-ში წუხელ დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის სახლში წუხელ მეგობრის საბერძნეთიდან ჩამოსვლას აღნიშნავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ პირს იარაღი გაუვარდა და დევი სირაძე დაიჭრა.
გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს აღნიშნულ მისამართზე სირაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, პირი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, უკვე დაკავებულია.
დევი სირაძე სპორტის სამინისტროში მუშაობდა, იგი შვებულებაში იყო და სამსახურში დღეს უნდა დაბურნებულიყო.