საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ოქროს შემოტანის ფაქტები გამოვლინდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დღეს, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადმოტანის 2 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ორივე შემთხვევაში, არადეკლარირებული ოქრო სომხეთიდან შემოდიოდა. კერძოდ, რუსეთის მოქალაქის, ა.პ-ს მიერ შემოტანილი საქონლის ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 29691,9 ლარი, ხოლო სომხეთის მოქალაქის კ.დ-ს მიერ შემოტანილი ოქროს ღირებულებამ 21512 ლარი შეადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.