თბილისში, ნუცუბიძის ქ.#26 ა-ში მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. შესაბამისად უცნობია მომხდარის სავარაუდო კვალიფიკაცია და გამოძიების ვერსიები.
არსებული ინფორმაციით კი, ნუცუბიძის ქ.#26 ა-ში მომხდარი შემთხვევის გამო სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი უკვე დაიკითხა.
თუმცა ვრცელდება იფორმაცია, რომ ვარძელაშვილის დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ლადო ვარძელაშვილის სახლში 45 წლის დევი სირაძე, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, წუხელ ტყვიამ იმსხვერპლა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ლადო ვარძელაშვილის სახლში ერთ-ერთი მეგობრის საბერძნეთიდან ჩამოსვლას აღნიშნავდნენ, უცხოეთიდან დაბრუნებულ პირს იარაღი გაუვარდა და დევი სირაძე დაიჭრა.
გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს სირაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. წინასწარი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პირი, რომელსაც ადგილობრივების ინფორმაციით, იარაღი გაუვარდა.