საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულაი, რომ მომავალში ბევრ რამეს სხვანაირად გააკეთებს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, დაგროვდა ბევრი პრობლემა და ბევრი ტყუილი. სიმართლეა ის, რომ ბევრი რაღაცა საკმარისად არ გაკეთდა. სიმართლეა ის, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა. სიმართლეა ისიც, რომ რაღაცეები საერთოდ არ უნდა გაკეთებულიყო ისე, როგორც გაკეთდა, ოღონდ ძალიან ბევრი ტყუილიც დაგროვდა. თქვენ გახსოვთ, რომ არჩევნების წინ ამბავი იყო, თითქოს ცხრა თვის ბავშვი მოკლეს, თქვენ გახსოვთ, რომ სისხლის მსმელებს და მკვლელებს გვეძახდნენ და ამ დღეებში აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც ლაპარაკობდნენ, არათუ გაზვიადება, არამედ უმრავლეს შემთხვევაში, სრული სიცრუე იყო. ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, უბრალოდ, საკითხავია როდის გამოჩნდებდა ეს ტყუილი – არჩევნების წინ თუ არჩევნების შემდეგ და გამოჩნდა არჩევნების შემდეგ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მომავალში ბევრ რაღაცას სხვანირად გააკეთებს.
"მე როგორც ადამიანი, ბევრ რაღაცას ვსწავლობ და ბევრ რამეს მომავალში სხვანაირად გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა ბევრ რაღაცას საკუთარ თავშიც გადახედავს. იმიტომ რომ, ერთია, როდესაც რაღაცეებს აგებ პროპაგანდაზე და მეორეა, როცა ხედავ, რომ ხალხს სჭირდება დახმარება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.