კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობით შესაძლოა პარლამენტი - დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაინტერესდეს , ხოლო მისი ფინანსური საქმიანობა აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა შეისწავლოს.
აღნიშნული საკითხი პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიუროს წინაშე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემელაძემ დასვა, რომელიც პარლამენტის მხრიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობით დაინტერესების აუცილებლობაზე საუბრობს.
საქმე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გამოკვეთილ გარემოებებს ეხება, სადაც კომუნიკაციების სფეროში მოქმედი შპს "ახალი ქსელების", "ახტელის" და "სისტემ ნეტის" განცხადება განიხილეს. განცხადება დეპუტატებს აღნიშნული შპს-ის წარმომადგენელმა ხათუნა ინჯიამ გააცნო, რომელმაც კომუნიკაციის მარეგულირებელ სფეროში არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების მხრიდან მთელ რიგ დარღვევებზე ისაუბრა. მან კომისიის მუშაობის მისამართით არაერთი პრეტენზია გამოთქვა და პრობლემების გადასაწყვეტად სამი ძირითადი საკითხი წამოაყენა.
ხათუნა ინჯიას განცხადებით, შპს "ახალი ქსელები", "ახტელი" და "სისტემ ნეტი" მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში, ასევე ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით, მოკვლეული მასალების პროკურატურისთვის გადაცემა და ინტერსეთა კონფლიქტის არსებობის გამო, კომისიის წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლება.
საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პრეტენზიები და წინადადებები საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა მაუწყებელმა და ოპერატორმა გამოთქვა. მათ შორის "სტერეომ", "მაგთიკომმა", "სილქნეტმა" და "ჯეოსელმა".
თავად კომისიის წევრების განმარტებით, კომისია დღეისთვის არსებული კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. კომისიის წევრთა განცხადებით, სხდომაზე გამოთქმულ რიგ განცხადებებზე მათ უკვე უპასუხეს პრეტენდენტებს, ხოლო დარჩენილ ნაწილს შეისწავლიან და წერილობით უპასუხებენ.
ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრთა პასუხები კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ არასრულყოფილად შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი კომისიის მხრიდან უფრო კომპეტენტურ და სრულფასოვან პასუხებს ელოდა.
"კომიტეტში შემოსულ საჩივარზე ჩვენ შეგვეძლო მასალები მოკვლევისთვის პირდაპირ პროკურატურაში გადაგვეგზავნა და საქმის შესწავლა იქ მომხდარიყო, მაგრამ კომიტეტმა გადაწყვიტა მოესმინა როგორც კომისიის წევრებისთვის, ასევე იმ პრეტენზიებისთვის, რომელსაც კომუნიკაციის ოპერატორები გამოთქვამენ. ვითარებიდან გამომდინარე, კომიტეტის სახელით პარლამენტის წინაშე ვაყენებ დროებითი კომისიის შექმნის საკითხს, რომელიც კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ თემას შეისწავლის", – აცხადებს ტყემალაძე.