დასუფთავებისა და საბავშვო ბაღების გადასახადის საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება ხვალ სესიაზე განიხილება

დასუფთავებისა და საბავშვო ბაღების გადასახადის საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება ხვალ სესიაზე განიხილება

დეპუტატ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთაგან ერთი – დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმას შეუძლებელს ხდის, მეორის საფუძველზე კი, საბავშვო ბაღებში საფასურის დაწესება იკრძალება, ხვალიდან სასესიო ფორმატში განხილვის საგანი იქნება.

აღნიშნულ კანონპროექტებს ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ხიდაშელის ინიციატივით ამ მიმართულებებით ცვლილებები "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში, "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონსა და "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონში აისახება.

"საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში ცვლილების და დამატების პროექტით, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება. "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში ცვლილებისა და დამატებების პროექტით კი დგინდება აკრძალვა, განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის, გადასახდელის ან საფასურის შემოღებაზე იმ საქმიანობის ან მომსახურების გაწევისთვის, რომლებზეც მოსაკრებელი უკვე დადგენილია.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ საკითხს, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრა. კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება. ამ მიმართულებით ცვლილება "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონშიც აისახება.