საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის გათვალისწინებით სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო გადაღება "სასამართლოების შესახებ კანონით" დასაშვები ხდება , ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.
როგორც ცნობილია, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში, პარლამენტმა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერის სავალდებულო უზრუნველყოფის ნორმაც ჩადო. აღნიშნული წინადადებით პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა და მხარი დაუჭირა. ამასთან, როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, იქმნებოდა საკანონმდებლო კოლიზია, რადგან ზემდგომი ორგანული კანონი – "საერთო სასამართლოების შესახებ" გადაღებების შესაძლებლობას კვლავ ზღუდავდა.
მაშინ კოლეგები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული კანონის ამ მიმართულებით კორექტირება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მოხდებოდა.
პარლამენტს უკვე წარედგინა და ხვალ პირველი მოსმენით განიხილავენ დეპუტატების, ვახტანგ ხმალაძისა და ლევან ბეჟაშვილის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეო გადაღებების დაშვება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით ხდება დასაშვები. კანონპროექტით, აღნიშნული უფლება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული განჩინების საფუძველზე შეიზღუდოს.
გადაღებებთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გახორციელებული ცვლილებები გამოქვეყნებულია, თუმცა, ის მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.