შესაძლოა, ფოთის საკრებულოს 6 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს

შესაძლოა, ფოთის საკრებულოს 6 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს

შესაძლოა, ფოთის საკრებულოს 6 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს. ამ შინაარსის განცხადებას ფოთის საკრებულოსა და "ქართული ოცნების" წევრი , მოგელი ტყებუჩავა აკეთებს.

ტყებუჩავას განმარტებით, საქმე ეხება ფოთის მერის შესარჩევ საკონკურსო მუდმივმოქმედ კომისიაში საკრებულოს წევრთა მონაწილეობას, რომელიც, მისივე მტკიცებით, კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.

"გამოდის, რომ საკრებულოს ის 6 წევრი, რომელიც მუდმივმოქმედ კომისიაშია, იურიდიულად აღარ არიან საკრებულოს წევრები. ამ დღეებში შესაბამისი რეკომენდაციით, პროცედურულად მივმართავ ჯერ საკრებულოს. თუ ისინი არ გადაწყვეტენ ამ საკითხს, სასამართლოს მივმართავ, რათა დვამტკიცო, რომ დღეს საკრებულოს 6 წევრი გვყავს არაუფლებამოსილი",-აცხადებს ტყებუჩავა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრის, გოჩა დოლბაიას განცხადებით კი, კანონი არ დარღვეულა და კომისიის წევრობის ლეგიტიმაცია ნებისმიერ მსურველს აქვს, თუ ის ანაზღაურებადი არ არის.

"ბატონი მოგელი ცდილობს, მსგავსი განცხადებებით ყურადღება მიიქციოს, რაც ქალაქის მომავალს ნამდვილად არ წაადგება. საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით შეტყობინებაში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, განმარტებულია, რომ კომისიაში მონაწილეობა არ გამოიწვევს საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას და არ წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტს",-განმარტავს დოლბაია.