"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტს 23 თებერვლის კავკასიელი ხალხების სოლიდარობის დღედ გამოცხადებას სთავაზობს.
აღნიშნული ინიციატივა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული განცხადების პროექტშია წარმოდგენილი, რომელიც 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციას ეხება. განცხადების პროექტის ავტორები დეპუტატები სერგო რატიანი და ნუგზარ წიკლაური არიან.
კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ 1944 წლის 23 თებერვალს განხორციელდა საქართველოს მოძმე ერების - ინგუშებისა და ჩეჩნების დეპორტაცია სამშობლოდან შუა აზიის რესპუბლიკებში, ჩრდილოეთ კავკასიიდან გაასახლეს ნახევარ მილიონამდე ჩეჩენი და ინგუში, დეპორტაციას თან ახლდა ადამიანების ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობები, მონური შრომა საკონცენტრაციო ბანაკებში, ფიზიკური ტერორის სხვა ფორმები, შიმშილი და ეპიდემიები, რამაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები შეიწირა.
პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად იზიარებს ინგუში და ჩეჩენი ერების ტრაგედიას და პატივს მიაგებს საბჭოთა ტოტალური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ხსოვნას. განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ საბჭოთა რეპრესიები არის ის საერთო ტრაგედია, რაც საქართველომ კავკასიის სხვა რეგიონებთან ერთად გამოიარა და აღნიშნულია, რომ პარლამენტი ისურვებდა, ასეთი რამ კავკასიაში აღარ განმეორდეს.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტოტალური კომუნისტური რეჟიმების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები, ნაცისტური გერმანიის დანაშაულისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ არაა ჯეროვნად შეფასებული. დარწმუნებული ვართ, რომ ისტორიის ზუსტი და ადეკქვატური შეფასება, საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ინფორმირება იქნება საფუძველი, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულები აღარ განმეორდეს. კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება ინგუში და ჩეჩენი ერების ტრაგედიის მიმართ და სამომავლოდ ვისურვოთ, ჩვენი ერების ერთიან მშვიდობიან და განვითარებულ კავკასიში ცხოვრება. საქართველოს პარლამენტი გამოდის ინიციატივით, 23 თებერვალი გამოცხადდეს კავკასიელი ხალხების სოლიდარობის დღედ", – ნათქვამია განცხადების პროექტში.