ყოფილი პატრულ-ინსპექტორი ლევან ლობჟანიძე, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძეს მკვლელობის ღამეს გრიგოლ ბაშალეიშვილის მეწყვილე იყო , აცხადებს, რომ კადრები, რომელიც რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა, იმ ღამეს განვითარებულ მოვლენებს რეალურად ასახავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ლობჟანიძემ განაცხადა, მან გამოძიებას რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში ჩვენება მისცა.
ლობჟანიძე გამომძიებელ ლევან გერგედავას ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, გამომძიებელმა ჩვენების მიცემის წინ უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღები არ იყო, რითაც მითითება მისცა იმის შესახებ, თუ რა უნდა ეთქვა მას. "ჩემი ჩვენება იწყება იმით, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღები არ იყო", - აცხადებს ლობჟანიძე. მისივე თქმით, გამომძიებელმა მას სიმართლის თქმის საშუალება არ მისცა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე დღის წინ პროკურატურას ამირან რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული ვიდეომასალა გადასცა.