პრეზიდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ ექნება, თუმცა, მისი გამოსვლა იქნება ცარიელ კედლებში თუ პარლამენტში , ეს დამოკიდებულია მის გადაწყვეტილებაზე – მზადაა თუ არა, რომ გაიზიაროს შეთავაზებული საკონსტიტიციო ცვლილება და პარლამენტს საკუთარი უფლებამოსილება დაუბრუნოს, - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.
"ჩვენი ვალია, რომ ქართველი ხალხის არჩევანს პატივი ვცეთ, რომელმაც ოთხი წლის ვადით აგვირჩია და რომელმაც, პრეზიდენტი ცხრა წლის წინ აირჩია. გიდასტურებთ ჩემს სიტყვებს, რომელიც თქვენთან შეხვედრაზე გავაკეთე, რომ ამ შენობიდან გააკეთოთ თქვენი მიმართვა, პარლამენტის ტრიბუნიდან და ეს უფლება თქვენთვის არავის წაურთმევია. 8 თებერვალს, თქვენი გამოსვლა გადავდეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა თქვენი ცარიელ დარბაზში გამოსვლა - ეს არ გვინდოდა. შანსი გაგვიჩნდა საკითხები მოგვეგვარებინა და თქვენ მიგემართათ პარლამენტისთვის და არა ცარიელი კედლებისთვის. პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ გექნებათ, თუმცა, თქვენი გამოსვლა იქნება ცარიელ კედლებში თუ პარლამენტში, ეს დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე - მზად ხართ თუ არა პარლამენტს დაუბრუნოთ საკუთარი უფლებამოსილება. რაც უფრო მალე გაცხადდება თქვენი მზაობა, მით უფრო მალე გამოხვალთ პარლამენტში. ეს იმას კი არ განსაზღვრავს პარლამენტში გამოხვალთ თუ არა, არამედ იმას, ცარიელ დარბაზში გამოხვალთ თუ პარლამენტის წინაშე", - მიმართა პრეზიდენტს უსუფაშვილმა.