ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ვერ ხედავს რა არის განსაკუთრებული 19 აპრილის შეკრებაში.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი საპროტესტო მიტინგის კომენტირებისას განუცხადა, მხარს უჭერენ ადამიანთა უფლებას გამოთქვან თავიანთი აზრი და ისარგებლონ სიტყვითა და თავშეყის თავისუფლებით.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განმარტებით, ამერიკამ დიდი ხანია იცის საქართველოს მიერ გაცხადებული სურვილი გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი.
"ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველომ ამ გზას გადაუხვია. ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე პარლამენტში გამართული დებატებისას საუბარი უფრო ეხებოდა იმას, როგორი იქნება ამ მისწრაფების ფორმულირება და როგორ მოხდება მისი ინტეგრირება ქართულ კანონმდებლობასა თუ კონსტიტუციაში. ამით ეჭვქვეშ არ დგება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ელჩის თქმით ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თავშეყრის უფლება და თავისუფლება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს.
"ჯერჯერობით არ არის ნათელი რა არის განსაკუთრებული ამ 19 აპრილის შეკრებაში, მაგრამ მხარს ვუჭერთ ადამანების უფლებას გამოთქვან თავიანთი აზრი და ისარგებლონ სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლებით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიტინგი დღეს დააანონსა.