აშშ-ის ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად უკვე შეთანხმებული აქვთ საკითხების 90%, თუმცა 10%-ზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
"ორივე მხარე ამბობს, რომ შემდგომი საუბრებისთვის კარი ღია რჩება. ყოველგვარი ხელოვნური ოპტიმიზმის გარეშე შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის პოზიტიური ვითარება, როდესაც პასუხისმგებლობით აღჭურვილი საქართველოს ლიდერები მზად არიან, იმუშაონ იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს წინსვლა და პროგრესი", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გუშინ გააკეთეს.