ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, ფოთის მერიის ადმინისტრაციასა და სამსახურებში სტრუქტურული რეორგანიზაცია იწყება.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა და შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს საჯრო სამსახურებში დასაქმებულმა ადამიანებმა.
"ვგეგმავთ, სტრუქტურული რეფორმის განხორციელებას. შესაბამის ბრძანებას, ხელი უკვე მოვაწერე. ერთი თვით ადრე, კანონის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნა ჩვენი ყველა თანამშრომელი. როგორც ძველი, ისე ახალი თანამშრომლები სხვადასხვა პოზიციებზე კონკურსის წესით შეირჩევიან", - განაცხადა ფოთის მერმა, დავით სარსანიამ. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყება.
სტრუქტურულ ცვლილებას გამართლებულად მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა დოლბაია. მისი განცხადებით, სამსახურებში სხვადასხვა შტატები მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დაუსაქმებლად არ დარჩენილიყვნენ. დოლბაია მერიის რიგი სამსახურების ფუნქციების გამიჯნვის ინიციატივითაც გამოდის.
ფოთის მერის ინფორმაციით, გაუქმდება თანამშრომელთა ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავების სისტემაც.