აჭარის ფინანსთა მინისტრმა გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო

აჭარის ფინანსთა მინისტრმა გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადების დაწერის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 

როგორც დღეს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გიორგი თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია ლოგიკას მოკლებულია. თავართქილაძის თქმით, მსგავსი რამ რომც მოსვლოდა აზრად, სანამ განცხადებას დაწერდა, პირველ რიგში, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს გააგებინებდა.

"კეთილმოსურნეები" გვყავს ძალიან ბევრი და ალბათ უნდათ, რომ გადავდგე. მოგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ კარიერული ბანკირი ვიყავი და დღესაც მიყვარს ეს სფერო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ წამოვედი და დავუდექი ამ გუნდს გვერდში და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს, ასევე, ჩემს მეგობარს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ვინც მე კარგად მიცნობს, ღალატი არ მჩვევია. რაც შეეხება გადადგომას, თუ მსგავსი რამ მომივა თავში აზრად, პირველ რიგში, განცხადებების ენით არ ვისაუბრებ და კანცელარიაში არ გავატარებ ნამდვილად, მივალ და ვეტყვი მთავრობის თავმჯდომარეს, საქმის კურსში ჩავაყენებ საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს და ალბათ, პრემიერსაც", - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი თავართქილაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა უკავშირდებოდა ინფორმაციას აჭარაში 40 მილიარდამდე ინვესტიციის შემოსვლის შესახებ, რომლის თაობაზეც, მინისტრმა ერთ-ერთი ბრიფინგის დროს ისაუბრა. თავართქილაძე აღნიშნავდა, რომ ინვესტიციის შემოდინება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებოდა და 10-15 წლიან პერიოდს მოიცავდა. გიორგი თავართქილაძე არ აკონკრეტებდა თუ ვის მიერ განხორციელდებოდა მილიარდიანი ინვესტიციები. ის ამბობდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდებოდა ცნობილი, რაც კონკრეტული შეთანხმებები გაფორმდებოდა.