საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე, რომელიც ჩვენებას ცვლის, ცრუობს, რომ მასზე ზემოქმედება მოხდა, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.
"გამომძიებელმა როგორ მოატყუა კაცი, რომელიც პოლიციაშია ნამუშევარი. ზეწოლა არ არის, რომ გამომძიებელი იტყუება. გამოეყენებინა დუმილის უფლება და დაებარებინა ადვოკატი, რომელიც ეტყოდა ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია თუ არა. ზურაბ მიქაძე ნაძირალაა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ამასთან, მას უკვირს, რატომ არ წაუყენეს ბრალი მისი შვილის ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ და ამჟამად მოქმედ პროკურორს ირაკლი წერეთელს.
რობაქიძე იმედოვნებს, რომ წერეთელს პროკურატურაში დაიბარებენ.
საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ზურაბ მიქაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაწყებული ხელახალი გამოძიების პროცესში ჩვენება ზეგავლენით მიაცემინეს.
როგორც ადვოკატი კობა კობახიძე ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში აცხადებს, მიქაძე გამომძიებლებმა მოატყუეს და უთხრეს, რომ საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა.