ამერიკელმა კონგრესმენებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ავღანეთში საქართველოს წვლილის გამო , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრთა უმრავლესობა საქართველოში პირველად იყო და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ თემებზე ისაუბრეს.
ფანჯიკიძის განცხადებით, პირველ რიგში საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთიობას და სტარტეგიულ პარტნიორობას, ასევე იმ დახმარებებს და მხარდაჭერას, რომელსაც აშშ ტრადიციულად უწევს საქართველოს მისი დამოუკიდებლობის დღიდან. გარდა ამისა, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას.
"განსაკუთრებული მადლიერება კონგრესმენებმა გამოხატეს ავღანეთში ჩვენი წვლილის გამო. მოგეხსენებათ, ჩვენ ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ჯარისკაცი გვყავს ავღანეთში. 1 600 ქართველი ჯარისკაცია ამჯერად ავღანეთში და ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 2014 წლის შემდეგაც დავრჩებით იქ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას. ამის გამო თითოეულმა მათგანმა გამოხატა ძალიან დიდი მადლიერება და ისაუბრა ქართველი ჯარისკაცების მამაცობაზე, მათ პროფესიონალიზმზე და დიდ წვლილზე სამშვიდობო ოპერაციაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.