თინა ხიდაშელი:

თინა ხიდაშელი: "ნაცმოძრაობის" მიერ საპროტესტო აქციის დაანონსებას კონფრონტაციის გაგრძელების მცდელობად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპროტესტო აქციის დაანონსებას კონფრონტაციის გაგრძელების მცდელობად მიიჩნევს .

"ამ აქციის გამოცხადება არის სრულიად ნათელი და ცალსახა ნაბიჯი, მიმართული იმ კონფრონტაციის კიდევ უფრო გაღმავებისკენ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გეგმავს, ხან გამოსდის ან გეგმავს და არ გამოსდის. ესაა 8 თებერვლის გაგრძელება", - განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს "პარიიმ-ტაიმის" ოფისში, აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ აქციის მშვიდობიანი ჩატარება უზრუნველყოს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს – მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში აცხოვროს ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის მათი პასუხისმგებლობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ჩვენ უზრუნველვყოფთ, აქცია იყოს მშვიდობიანი და მშვიდობიან დემონსტრაციას არავითარი პრობლემა არ შეექმნას", - აღნიშნა ხიდაშელმა.
"ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიტინგის გამართვას გეგმავს.

"საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება და დღესაც დგას არჩევანის წინაშე. საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო კურსზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალია ევროპა. გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილმა.