კარგად ვიცით, განსხვავებები და სირთულეები, რომელიც ახლავს კოჰაბიტაციას , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და მოსალოდნელი საფრთხეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ დანა რორაბაქერმა განაცხადა.
მისი თქმით ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, რომ დემოკრატია არ არის მმართველობის ყველაზე მარტივი ფორმა, მაგრამ ნამდვილად ყველაზე ზნეობრივი და სწორი ფორმაა.
"კარგად ვიცით, განსხვავებიც და სირთულეებიც, რომელიც ახლავს კოჰაბიტაციას. ჩვენს ქვეყანაში ხშირად არის პრობლემები "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის ურთიერთობებში. ჩვენ ნამდვილად სრული წარმოდგენა გვაქვს იმ სირთულეებზე, რომელიც შეიძლება ახლდეს დემოკრატიულ პროცესებს, მაგრამ ვუსურვებდით საქართველოს წარმატებას იმ გზაზე, რომელზეც დგას", - განაცხადა დანა რორაბაქერმა.
ამასთან, ამერიკელმა პოლიტიკოსმა საქართველოს მოსახლეობას უსურვა, რომ მომავალში არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
"თქვენ უკანასკნელ ორ ათწლეულში გამოსცადეთ კონფლიქტები და გისურვებთ, რომ ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს", - განაცხადა დანამ.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პროდუქტიული შეხვედრა იყო. რორაბაქერის განცხადებით, საქართველო არის პროგრესული ქვეყანა და ამერიკის კარგი პარტნიორი.
"შეხვედრების შემდეგ ცხადია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობა არსებობს. ჩვენ ვისურვებდით, მომავალში ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს და განვითარდეს. ჩვენ გამოვხატეთ მადლიერება საქართველოს წვლილის გამო, რომელიც მას ავღანეთში მონაწილეობით შეაქვს", - დასძინა დანა რორაბაქერმა.
კონგრესმენთა დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ბრაიან ჰიგინსი, ტედ პო და პოლ კუკი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.