ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავამ მას უთხრა, რომ ჩანაწერი, რომელიც გაავრცელა, სადარბაზოში მიაწოდეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოსო რობაქიძემ განაცხადა, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ამ ვერსიას გამოძიებას არ ეუბნება. სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ ფირცხალავას ნათქვამი სიცრუეა.
"საოცარი რაღაც მითხრა ფირცხალავამ, თითქოს ეს კასეტა მიაწოდეს სადარბაზოში და უთხრეს - შენ მართალი კაცი ხარო. ეს არის სიცრუე, რომელსაც არავინ დაიჯერებს. ეს სიცრუე პროკურატურაში არ გამოუვიდოდა და ამიტომ მითხრა მე", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე ვარაუდით, ირაკლი ფირცხალავა გურამ დონაძესთან ერთად გადაწყვეტს, რა უპასუხოს გამოძიებას და ვიდეომასალის წარმომავლობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ამის შემდეგ გასცემს პასუხს.