მოისმენს თუ არა პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის ყოველწიურ ანგარიშს და როდისთვის დათქვამს პრეზიდენტის მიღების თარიღს, ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი და გადაწყვეტილება მმართველ გუნდში ჯერ არ არსებობს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მიმართვის საპასუხოდ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განმარტეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს პირველ ყოვლისა პარლამენტის ბიურომ და სწორედ ბიურომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტელება. დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტს პრეზიდენტის მოსმენაზე უარი არც თავის დროზე უთქვამთ.
"თავიდანვე ითქვა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლისა და მისი ანგარიშით გამოსვლის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენი მხრიდან საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ დაეფიქსირებინა პრეზიდენტს პოზიცია განსახილველად წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. თუკი ის პარლამენტს სცემს პატივს, მან უნდა განმარტოს თუ რატომ აქვს ასეთი გადაჭარბებული კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ როდესაც მოესურვება დაითხოვოს პარლამენტი, ერთპიროვნულად დაითხოვოს მთავრობა და შექმნას მთავრობა", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
ანალოგიური განმარტება გააკეთა მედიასთან საუბრისას ეკა ბესელიამ, რომლის თქმით, იმ დროისათვის სააკაშვილის მოსმენაზე უარის თქმა, არ ნიშნავდა იმას, რომ მას საერთოდ არ მოუსმენს პარლამენტი. ამასთან ორივე დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მოწვევისა და მისი მოსმენის მიზანშეწონილობის საკითხი პირველ რიგში ბიუროს განხილვის საგანი უნდა გახდეს და შესაბამის გადაწყვეტილებას სწორედ ბიურო მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა პარლამენტს და პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღის დანიშვნა სთხოვა.