გამოძიებას უკვე აქვს ინფორმაცია, ვინ მიიტანა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას იარაღი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.
სოსო რობაქიძის ინფორმაციით, პროკურატურას უკვე ჰყავს დაკითხული ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ იარაღი ადგილზე მიტანილია. მისი თქმით, ეს ადამიანები არიან შს სამინისტროს მაღალჩინოსნები. თუმცა რობაქიძე არ აკონკრეტებს, ისინი მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლები არიან, თუმცა აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის მათი ნაწილი ნაცნობია.
ამასთან დღევანდელ პრესკონფერენციაზე სოსო რობაქიძემ დააყენა შს ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც მან აღნიშნა, თუკი პასუხს სთხოვენ ბაჩო ახალაიას, ეს უნდა მოხდეს ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაშიც. რობაქიძის განცხადებით, მას აქვს ეჭვი, რომ ოქრუაშვილის გათავისუფლება ვიღაცის ინტერესებში შედის.
ამასთან, სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომ ჩვენებები იცვლება შეთქმულებიდან გამომდინარე, რომელსაც ორგანიზებას უწევს გურამ დონაძე.
"ამიტომ ვამბობდი, რომ დონაძის თავისუფლებაში ყოფნა არ არის სწორი. ჩვენებები იცვლება სწორედ შეთქმულების გამო. მათ უკვე იციან, თუ ერთი რომელიმე იტყვის სიმართლეს, ყველა ერთ ქვაბში მოიხარშება. ამას ემსახურება ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრებიც. ამასთან, დასაფიქრებელია ის ფაქტიც, რომ გოჩა მუკბანიანი, რომელიც "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტია, პირველ ჩვენებაში გამბედავად ლაპარაკობდა, ახლა კი მეჩვენება რომ იგი კანკალებს. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ დონაძის გარეთ ყოფნა არ შეიძლება", - სოსო რობაქიძემ.
მისი თქმით, არ სჯერა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის მაიზერ ლიპარტელიანის გუშინ შეცვლილი ჩვენებისაც.
"მეგონა, რომ მაიზერ ლიპარტელიანი ყველაზე ვაჟკაცი კაცი იყო პოლიციაში. იგი ჩემთან ოჯახშიც არის ნამყოფი და აცრემლებული მეუბნებოდა, ორივე შვილს იფიცებდა, რომ ბუტას მკვლელობის ადგილას იარაღი არ ყოფილა, ახლა კი რა ნამუსით ცვლის ამ ჩვენებას, ჩემთვის არის გაუგებარი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე თქმით,Yიგი პროკურატურაში დღესვე კიდევ ერთხელ მივა და გამოძიების ახალ დეტალებს გაეცნობა.