მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სასამართლოების კამერებით აღჭურვისთვის 3 550 000 ლარი გამოიყო, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს იმისთვის, რომ სასამართლო დარბაზებში იყოს ერთი კამერა მაინც. მინისტრის განმარტებით, ეს არ იქნება ტელევიზიების კამერა. ეს კამერა გააკეთებს სრულ ჩანაწერს და შემდეგ დაინტერესებულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ჩანაწერი.
"ამისთვის დღეს გამოიყო 3 550 000 ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და ეტაპობრივად მოხდება ყველა სასამართლოს აღჭურვა კამერებით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.