ნიკოლოზ ხაჩირაშვილი –

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი – "ქართულ ოცნებაში" არ გადავსულვარ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი უარყოფს ინფორმაციას , რომლის მიხედვითაც, ის უახლოეს ხანში ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნას გეგმავს. 

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოში ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება.
"არ გადავსულვალ ოცნებაში. ვინ საუბრობს ამის შესახებ, საკითხავია. მე ასეთი განცხადება არ გამიკეთებია. ნეიტრალური, დამოუკიდებელი პოზიცა ავირჩიე - არანაირი ოპოზიცია, არანაირი პოზიცია", _ დასძინა ხაჩირაშვილმა.

ამასთან, საკრებულოს დეპუტატი ამ მომენტისთვის ვერ აკონკრეტებს, შექმნის თუ არა სამომავლოდ დამოუკიდებელ ფრაქციას. მისი თქმით, აპირებს, ქალაქისთვის საჭირო საკითხებზე ორივე მხარესთან ითანამშრომლოს.

"დავტოვე თანამდებობა. მაქვს ჩემი გარკვეული შეხედულებები. ეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანი. სურვილი რომ მქონოდა, პირდაპირ განცხადებას გავაკეთებდი და გადავიდოდა ოპოზიციაში. ცალსახად ვამბობ, არ გადავსულვარ ერთი გუნდიდან მეორეში. ანუ, არ გამიხდია ერთი მაისური და არ ჩამიცვია მეორე", _ აღნიშნა ხაჩირაშვილმა.

ამასთან, ხაჩირაშვილი მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უარყოფს და აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობიდან მისი წამოსვლის მიზეზი ბოლო პერიოდში შეხედულებების თანხვედრის არ არსებობა იყო.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 2010 წლიდან იყო. მან თანამდებობა 19 თებერვალს დატოვა.