გამოცემა EuropeanVoice აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის სგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის პასუხს რამდენიმე დღის წინ ამავე გამოცემის მიერ გავრცელებულ ედვარდ ლუკასის სტატიაზე `არასამართლიანი თამაში და უსამართლო პროტესტი" (Playing foul, crying foul).
"საქართველო სხვა კუთხით. როგორც ჩანს ჟურნალისტები არასწორად არიან ინფორმირებული საქართველოს შესახებ", - ასე სათაურდება თედო ჯაფარიძის წერილი.
როგორც ქართველი პარლამენტარი წერს, თავის ერთ-ერთ ბოლო წერილში ედვარდ ლუკასი აგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შემაშფოთებელ თხრობას მაშინ, როცა მას კარგ მეგობრად და მიუკერძოებელ ანალიტიკოსად მივიჩნევ. როგორც ჩანს, ის ერთ-ერთია იმ დასავლელი ჟურნალისტებიდან, რომლებიც უკანასკნელ ხანებში არასწორად არიან ინფორმირებული.
"მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში ქვეყანა კოჰაბიტაციაში იქნება მოქმედ პრეზიდენტსა და ახალ პრემიერ-მინისტრ შორის, რომელმაც დამაჯერებლად დაამარცხა პრეზიდენტის პარტიის მიერ მართული წინა ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილმა ძირითადად იმიტომ მიაღწია გამარჯვებას, რომ ის ამომრჩეველს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დაპირდა. სააკაშვილი კი, გაღიზიანებით პასუხობს მის მიერ ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ის მოხერხებულად იყენებს დასავლურ პრესას, რათა ივანიშვილი არადემოკრატიულ და კიდევ უფრო უარესი, პრორუსულ მმართველად წარმოაჩინოს. ასეთი სტატიების უმრავლესობა შერჩეულ ფაქტებს ემაყარება. ამ შემთხვევაში ეს ედვარდ ლუკასის სტატიაა, რომელშიც ავტორი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ანტიდემოკრატიული მისწრაფებების დემონსტრირება მოახდინა ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი მღელვარებისას. ამბის გაშუქებისას ლუკასი ეყრდნობა მხოლოდ შექმნილი სურათის ნაწილებს. რა თქმა უნდა, იქ იყო ერთმანეთის ლანძღვა, თუმცა ლუკასი გვერდს უვლის მნიშვნელოვან ფაქტებს", - წერს საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე.
თედო ჯაფარიძის აზრით, მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ივანიშვილის ბანდები დევნიან. უფრო ობიექტური ანალიზი, რომელიც ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა "ოქსფორდ ანალიტიკამ" გამოქვეყნა, სააკაშვილის საქციელს აღწერს, როგორც არადამაჯერებელ გესლიან გამონათქვამებს ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. "ოქსფორდ ანალიტიკის" ანალიზში ნათქვამია, რომ სააკაშვილი ნათლად ახდენს თავისი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ პოლიტიკური რესურსების შემცირების დემონსტრირებას. ლუკასის მიერ აღწერილ სურათში კი, ეს დასკვნები წინააღმდეგობრივია. ამიტომაც მან მათი იგნორირება მოახდინა.
"მას, მაგალითად, რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშნვა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერების პროვოკაციამ ხელი შეუწყო შეხლა-შემოხლის წარმოქმნას და მხოლოდ იმის წერს, რომ პოლიციას შეტაკებაში ჩარევის სურვილი არ ჰქონდა; ანაც იმის თქმა, რომ სააკაშვილმა მიუხედავად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მოწოდებისა, სიტყვით გამოსვლა ყოვლად დაუცველ ბიბლიოთეკაში გადაწყვიტა",-აღნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე.
როგორც თედო ჯაფარიძე წერს, ლუკასი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სააკაშვილი ცდილობდა ახალ მთავრობასთან კოჰაბიტაციას, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა, როგორც ჯაფარიძე განმარტვას, ფაქტი კი ის არის, რომ ივანიშვილის მთავრობის დრამატული, დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების მომენტიდან პრეზიდენტი მის რღვევასა და დისკრედიტირებას ცდილობს. სააკაშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი ისე შორს წავიდა, რომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება უნდა გაიწმინდოს ივანიშვილის პოლიტიკური ძალებისგანო.
"ივანიშვილის ძალისხმევას - აღადგინოს რუსეთთან დიალოგი – უკვე მოაქვს შედეგები. მიმდინარეობს სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, რომელიც 2008 წლამდე საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო. 2008 წლის ომმა კი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა და ამავე დროს ტერიტორიების 20% დააკარგვინა. მჭიდრო ურთიერთობების ნიშნად, ამ თვეში საქართველოს სტუმრობდა ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ევროკავშირის დახმარების ძირითადი პროგრამებზე ხელმოწერის მიზნით. ნატო-ს ხელმძღვანელობა აღნიშნავს ურთიერთობების გაუმჯობესებას საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრთან, საქართველო კი აძლერებს ავღანეთში ნატო-ს ოპერაციებში ჩართულობას. მათ, ვინც ნამდვილად არის დაინტერესებული დემოკრატიის გამყარებაში, ყური უნდა დაუგდონ ქართველი ხალხის ხმას. 18 ქართველი მოაზროვნის მიერ ხელმოწერილი ღია წერილის მომდევნო პასაჟში აღნიშნულია, რომ: "როგორ შეგვიძლია დავარწმუნოთ დასავლური პოლიტიკური და ფინანსური წრეები, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ტირანია განვითარდა? როგორ შეგვიძლია დავარწმუნოთ ისინი, რომ შეწყვიტონ ამ ტირანიის ნარჩენების გაძლიერება მათი ფინანსირების ან ვერბალური მხარდაჭერის გზით? და რა მომავალი ექნება ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებას თუ არადემოკრატიული რეჟიმის მფარველობა მომავალშიც გაგრძელდება?",-წერს თედო ჯაფარიძე.
საერთაშორისო გამოცემა European Voice-მა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით - "არასამართლიანი თამაში და უსამართლო პროტესტი; საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლა რისკავს, უმართავი გახდეს".
ივანიშვილის საიმედოობა, როგორც ავტორიტეტული მთავრობის ხელმძღვანელისა, - აღნიშნავს ედვარდ ლუკასი, - საფრთხეშია რამდენიმე ასპექტში. პირველი საშინაო პოლიტიკაა. მან უნდა აჩვენოს, რომ სააკაშვილზე უკეთესია და არა - უარესი. პრობლემა არა მხოლოდ ოპონენტებთან მის დამოკიდებულებაშია: მის მომხრეებსაც სჭირდებათ უკეთესი მოპყრობა. კერძოდ, საჭიროა, ივანიშვილმა შეწყვიტოს "ქართული ოცნების" ისე მართვა, თითქოს ის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია: სხვა პარტიის ლიდერები მისი ურჩი მენეჯერები კი არა, პარტნიორები არიან.
საგარეო პოლიტიკის ასპექტში, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი, - მისასალმებელია რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შემსუბუქება (ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის აღდგენა), თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა პრიორიტეტების უგულებელყოფის ხარჯზე. . . ერთი სიტყვით, ივანიშვილი უნდა დაეყრდნოს მემკვიდრეობით მიღებულ ყველაზე საუკეთესო ნაწილს და არა საჯაროდ დაგმოს ეს ყველაფერი.
"თუ საქართველო არასწორი გზით წავა, ევროპასა და აშშ-ში ბევრი სიამოვნებით მიაპყრობს ყურადღებას სხვა რომელიმე ქვეყანას. ივანიშვილმა ბრძოლა სააკაშვილის პერსონიზირებული ლიდერობის წინააღმდეგ მოიგო. მაგრამ, ნამდვილი ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის გამართული ბრძოლაა",-აღნიშნულია სტატიაშია.