გამომძიებელს უფლება აქვს, დასაკითხ პირს საქმეში არსებული მასალები გააცნოს, - ასე პასუხობს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ მიქაძის ადვოკატის განცხადებას.
როგორც კბილაშვილი განმარტავს, გამომძიებელს ასევე უფლება აქვს დაკითხვაზე მყოფ პირს კანონის ის ნორმაც გააცნოს, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.
"ადვოკატის განცხადებას არ ვიცნობ, არც ის ვიცი რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ის, რომ მოწმედ დასაკითხ პირს აჩვენონ საქმეში არსებული მტკიცებულება, წაეკითხოს ცალკეული ამონარიდი, კანონის შესაბამისია და კანონდარღვევას არ წარმოადგენს. კანონის შესაბამისია ისიც, რომ დაკითხვაზე მყოფ პირს ეცნობოს კანონის ნორმის შინაარსის შესახებ. ასე რომ, ერთიც და მეორე ფაქტიც, რაზეც ადვოკატი საუბრობს, ნორმალურია, თუმცა თეორიულად შეიძლება ისე აკინძო ყველაფერი, რომ მიიღო არასწორი კონსტრუქცია. თუ ადვოკატი მიიჩნევს, რომ რაიმე ფორმით კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, მოგვმართოს და შევამოწმებთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, მოიკითხავს იმასაც, მართლა დაპირდნენ თუ არა მიქაძეს გამომძიებლები საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და "გააკეთეს მეორე".
საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ზურაბ მიქაძის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაწყებული ხელახალი გამოძიების პროცესში ჩვენება ზეგავლენით მიაცემინეს.
როგორც ადვოკატი კობა კობახიძე ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში აცხადებს, მიქაძე გამომძიებლებმა მოატყუეს და უთხრეს, რომ საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა.
"ზურაბ მიქაძეს ერთადერთი ჩევენბა აქვს მიცემული და ეს მოხდა 2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ. როცა მე დამირეკა და დაცვა მთხოვა, პროკურატურაში მისულს ასეთი სცენა დამხვდა - ბატონ ზურაბს უკვე მოყოლილი ჰქონდა ზოგიერთი ფაქტი, მის წინ გადაშლილი იყო საქმის მასალები, აჩვენეს ზოგიერთი პატრულის ჩვენება, რომელნიც მას "პირზე ადგებოდნენ" და მის საწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ. გარდა ამისა, აჩვენეს სისლხის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი რედაქცია და 71-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქმე ხანდაზმული იყო და თუ ის ჩვენებას მისცემდა, გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან, ანუ იგი ჩემს მისვლამდე შეცდომაში იქნა შეყვანილი, ამას ჰქვია გარკვეული ზეგავლენა გამოძიების მხრიდან დასაკითხ პირზე. ეს არაა იძულება და ძალის გამოყენება, მაგრამ ამას ჰქვია მოტყუება. უკანონო ქმედებად უნდა მოვიაზროთ ის, რომ დასაკითხ კაცს აჩვენებს სხვების ჩვენებები, რომელზეც ხელმოწერა მართლა მათ ეკუთვნოდათ, ან მართლა თქვეს თუ არა ის, რაც ჩვენებებში ეწერა, არავინ იცის", - განაცხადა ადვოკატმა.