საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს ვაშინგტონში რამდენიმე შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, კენეტ ვოლაკს, შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ NDI იუსტიციის სამინისტროს საარჩევნო კოდექსის რეფორმირებასა და ერთიანი საარჩევნო სიის დაზუსტებაში დაეხმარება.
იუსტიციის მინისტრმა შეხვედრა გამართა აგრეთვე აშშ-ს დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტთან, კარლ გერშმანთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. თეა წულუკიანი კარლ გერშმანს იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლებსაც საქართველოს ახალი მთავრობა დემოკრატიის განვითარებისათვის განახორციელებს.
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის თანაშემწეს, ერიკ რუბინს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მოადგილის თანაშემწეს, თომას მელიას, შეხვდა. თეა წულუკიანის მონაწილეობით სტურქტურათაშორისი მრგვალი მაგიდაც გაიმართა, რომელსაც თეთრი სახლის სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტის, ვიცე-პრეზიდენტის ოფისის, თავდაცვის დეპარტამენტის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგვიანებით. იუსტიციის მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ს განვითარების სააგენტოს (UშAID) სათაო ოფისს ესტუმრა და ფეიჯ ალექსანდერს შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხების დეპარტამენტიდან.
დღის ბოლოს, მინისტრი აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს ეწვია, სადაც საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს, და საბჭოს ტრანსატლანტიკური პროგრამების დირექტორს, ფრენსის ბურველს, შეხვდა. ატლანტიკურ საბჭოში თეა წულუკიანმა საქართველოს მთავრობის 100 დღის მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ატლანტიკურ საბჭოში განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ რეფორმებით, რომელებსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის ახორციელებს. თეა წულუკიანის თქმით, მასპინძლებს მხოლოდ ერთი რეკომენდაცია აქვთ - საქართველოში უნდა გამეფდეს სამართლის უზენაესობა და დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამისთვის მუშაობს ახალი მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმაც. დეიმონ ვილსონის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა:
"განსაკუთრებით საინტერესო იყო ორი საკითხი, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიული მმართველობის სისტემის ჩამოსაყალიბებლად საქართველოს მთავრობა გაატარებს ყველა საჭირო რეფორმას. მინისტრის სურვილია, ამ სისტემამ იარსებოს მთავრობების ცვლილების შემთხვევაშიც. ეს სწორი მიდგომაა, მთავრობები მოდიან და მიდიან, თუმცა ქვეყანა უნდა ფუნქციონირებდეს დემოკრატიულ სისტემაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც მან ისაუბრა, არის ის, რომ საზოგადოება გაბრაზებულია, თუმცა აუცილებელია მტკიცებულებები ყველა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რათა სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვილსონმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვაშინგტონში ხვალაც აქტიურ სამუშაო შეხვედრებს გამართავს.