მთავრობა

მთავრობა "ბახვი ჰესის" ექსპლოატაციაში შესვლის გადავადებაზე იმსჯელებს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე "ბახვი ჰესის" ექსპლოატაციაში შესვლის თარიღის გადავადებასთან დაკავშირებულ საკითხს წარადგენს. 

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა იმსჯელებს მთავრობასა და "ბახვი ჰიდრო ფაუერს" შორის 2009 წლის 14 მაისს დადებულ მემორანდუმში ცვლილებების შეტანაზე. აღნიშნული მემორანდუმით, "ბახვი ჰესი-3"-ის ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2013 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა. როგორც მინისტრმა განმარტა, პროექტის განხორციელების შეფერხება მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია, რომელმაც ინფრასტრუქტურა დააზიანა.

"ჩვენ შევხვდით ინვესტორებს, რომლებმაც პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის გადავადება ვთხოვეთ. შესაბამისად , მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბახვი ჰესი 3-ის ექსპლუატაციაში შესვლა 2013 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდა", - აღნიშნა კახი კალაძემ.

კანცელარიაში მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ 32 საკითხზე იმსჯელებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში 32-ე საკითხი საიდუმლოა.