საქველმოქმედო კამპანია Giving Pledge–ს (ჩუქების ფიცი), რომელიც აშშ–ის ყველაზე მდიდარი ადამიანების, ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის მიერაა ორგანიზებული, შტატების ფარგლებს გარედან პირველი მილიარდერები შეუერთდნენ.
12 ახალბედას შორის არიან მილიარდერები პოსტსაბჭოთა სივრციდან: რუსი ვლადიმირ პოტანინი (კომპანია „ინტერროსის“ დამფუძნებელი და „ნორილსკი ნიკელის“ გენერალური დირექტორი) და უკრაინელი ვიქტორ პინჩუკი (საინვესტიციო–კონსალტინგური ჯგუფის EastOne–ის მფლობელი).
„რამდენიმე წლის წინ განვაცხადე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებისთვის გავიღო. გულწრფელად მჯერა, რომ სიმდიდრე საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე უნდა მუშაობდეს და ამიტომაც ვცდილობ საკუთარი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ჩემი ქვეყნის, რუსეთის მომავალი უკეთესი გავხადო. მე ვუერთდები „ჩუქების ფიცს,“ რადგან ესაა უდიდესი ინიციატივა, რომელიც იმსახურებს მხარდაჭერას,“ – აცხადებს პოტანინი კამპანიის ორგანიზატორებისადმი მიმართვაში.
პოტანინთან ერთად, „საქველმოქმედო ფიცი“ დადეს ბრიტანელმა მაგნატმა რიჩარდ ბრენსონმა და მისმა მეუღლემ, ბრიტანელმა მეწარმემ ჯონ კოდუელმა, რომელიც ჰეჯ–ფონდ Children's Investment Fund–ის დამფუძნებელია და ასევე ბრიტანელმა ჯეიმი კუპერ–ჰონმა.„შეფიცულთა“ შორის არიან ავსტრალიელი სამთო მაგნატი ენდრიუ ფორესტი მეუღლესთან ერთად, გერმანელი ჰასო პლატნერი, ინდოელი მეწარმე, IT–კომპანია Wipro–ს დამფუძნებელი აზიმ პრემჟი და სხვები...
პროგრამა Giving Pledge–ი 2010 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი მიზანია „მდიდარი ადამიანებისა და მათი ოჯახების წახალისება, რათა მათ ფილანთროპული მიზნებით თავიანთი ქონების დიდი ნაწილი დათმონ.“
2013 წლის 19 თებერვლის მაჩვენებლით, ინიციატივას უკვე 105 მილიარდერი შეუერთდა, რომლებმაც პირობა დადეს, რომ თავიანთი კაპიტალის არანაკლებ 50%–ს შესწირავენ ქველმოქმედებას. კამპანიის მონაწილეებს შორის არიან ცნობილი ამერიკელები: მაიკლ ბლუმბერგი, დევიდ როკფელერი, ჯორჯ ლუკასი და სხვები.