საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ბრიუსელში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.
"ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. დღეს შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ალასანიასთან. მე მოხარული ვარ იმ რეფორმებით, რაც მან გამაცნო. ჩემთვის ეს ძალიან პროფესიონალურ დონეზეა ჩამოყალიბებული და ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება. მეორე მხრივ, საქართველოში უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება. კოჰაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს. გვსურს, ქვეყნის შიგნით მხარეები ძირითად და არსებით საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიალოგი მათ შორის მიმდინარეობს და გვინდა, რომ შეთანხმებას მალე მიაღწიონ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
თავის მხრივ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხვალინდელ მინისტერიალზე კონკრეტულად განიხილება, თუ რა მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ავღანური და გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, ISAF-ის დასრულების შემდეგ.
"ნატო-სგან და ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმენთ, თუ რა გეგმები აქვთ მათ. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს მომზადებული, იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო პოსტ-ISAF-ის პერიოდში. ამ დღეებში ამ საკითხებს უფრო მეტად მოეფინება ნათელი. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, გადაწყვეტილება მიღებულია, თარიღიც პრაქტიკულად შერჩეულია. ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს საქართველოს, რომ უახლოეს პერიოდში მრავალმხრივ ფორმატებში მეტი ინტეგრაცია მოხდეს ნატო-ს ქვეყნებთან", - აღნიშნა ალასანიამ.
დღესვე დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსა და ალიანსის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს გენერალ ჯოზეფ დანფორდსაც შეხვდება. თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.
დაგეგმილია შეხვედრები ასევე ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.