ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) დღეს საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის მონიტორინგი დაიწყო , - ამის შესახებ პრესრელიზს ეუთო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი მონიტორინგი განხორციელდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო საქმის წინასწარ მოსმენაზე. ახალაიასთან ერთად განიხილება 7 ბრალდებულის საქმე, რომლებსაც ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და უფლებამოსილების გადამეტება.
`სასამართლო პროცესის მონიტორინგი ძლიერი მექანიზმია სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების საშინაო და საერთაშორისო გარანტიების უზრუნველყოფისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ჩვენი მონიტორინგის საქმიანობა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას ხელს შეუწყობს~, - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა იანეშ ლენარჩიჩმა.
ODIHR-ის საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი ადგილობრივ კანონმდებლობას და სასამართლო პროცედურებს შეაფასებს, თუ რამდენად შეესაბამება ისინი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს. ჯგუფი საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც აღწერილი იქნება ყველა ის შესაძლო ხარვეზი, რომლებიც მონიტორინგის პროცეში შეიძლება გამოვლინდეს და ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რაც ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის ადმინისტრირების გაზრდას ისახავს მიზნად.
"მონიტორინგის განმავლობაში ODIHR-ის სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ჯგუფი დააკვირდება სასამართლო საქმის განხილვას, თუ რამდენად შეესაბამება ის ობიექტურობის პრინციპებსა და სასამართლო პროცესში ჩაურევლობას", - ნათქვამია პრესრელიზში.