შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე ჟურნალისტ მაკა რაზმაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ის "ტრაგედიაში ჩარევით საკუთარი თავის გაცოცხლებას ცდილობს”.
"მაკა რაზმაძეს მე ნამდვილად ვიცნობ, არ უარვყოფ მასთან წარსულ წლებში მეგობრობას. ის ერთი პერიოდი შსს-შიც მუშაობდა, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი არ იყო დამაკმაყოფილებელი და ავტომატურად წავიდა სახლში. ვფიქრობ, ის ამაზე გამწარებულია და ცდილობს, ტრაგედიაში ჩარევით საკუთარი თავი გაიცოცხლოს. ვადაგასულებზე მე ნამდვილად არ მინდა დეტალურად საუბარი, მაგრამ მაკა რაზმაძე ცრუობს, იტყუება და არის კიდევ ერთი ცრუ მოწმე", - განუცხადა გურამ დონაძემ "ინტერპრესნიუსს".
მისივე განმარტებით, რაზმაძეს მოუწევს გამოძიებას დაუმტკიცოს, რომ მასთან კაბინეტში ნამდვილად იმყოფებოდა. "მაკა რაზმაძეს შეუძლია ხვალ მილიონი სიბინძურე დამაბრალოს, მილიონი სისულელე ილაპარაკოს, მაგრამ ყველა მსგავს ტყუილზე მას მოუწევს მტკიცება, რომ ის ნამდვილად იყო რეალობაში. შსს-ში თითოეული ადამიანის სტურმობა ფიქსირდებოდა საშვით, ვიდეოკამერებით _ საშვთა ბიურო ნებისმიერ შემოსულ ადამიანზე წერდა ვისთან მიდიოდა ის სტუმრად. მაკა რაზმაძეს მოუწევს დაუმტკიცოს გამოძიებას, რომ ნამდვილად დამირეკა ტელეფონზე, მთხოვა ჩემთან შემოსვლა და ნამდვილად შემოვიდა. გჯერათ, რომ ისეთ სისულელეს ვეტყოდი გამომძიებელს, როგორიცაა კასეტების დაფშვნა?! ისიც ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა", - აღნიშნა დონაძემ.
ამასთან, შსს-ის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის მტკიცებით, მაკა რაზმაძეპოლიტიკური მხარეა, რომელიც იმისთვის გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში დაბნეულობა შეიტანოს.
"მაკა რაზმაძე არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სადღაც, ერთ საკაბელო არხზე ღავღავებს. ის არის მხარე და გამოჩნდა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი დაბნეულობა შეიტანოს საზოგადოებაში და მეტად გაასაზიზღროს ის მეგობარი, რომელიც მას ელემენტარულ პურის ფულს და საარსებო საშუალებას აძლევდა, მიუხედავად იმისა, ჰყოფნიდა თუ არა პროფესიონალიზმი და კომპეტენცია", - განაცხადა დონაძემ.
გადაცემა "პატრულის" ყოფილი პროდიუსერისა და ჟურნალსიტ მაკა რაზმაძის განცხადებით, გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს გადაღებული ვიდეომასალის განადგურება გადაცემის პროდიუსერს უბრძანა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მაკა რაზმაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, იგი სტუმრად იყო მისული გურამ დონაძესთან და შემთხვევით შეესწრო ფაქტს, როდესაც გამომძიებელი დონაძესთან მივიდა და კადრები მოითხოვა.
"ამ პერიოდში მე "პატრულში" არ ვმუშაობდი. სტუმრად ვიყავი გურამ დონაძესთან მისული, რომელთანაც ვმეგობრობდი. პროკურატურიდან მოსული იყო გამომძიებელი და ითხოვდა კადრებს. დონაძე ეუბნებოდა, რომ ეს კადრები არ გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ იღებენ ფირებით, რომელიც ერთ კვირაში იფშვნება. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ფაქტი ერთი კვირის მომხდარი იყო. მან თავისთან დაიბარა პროდიუსერი და გამომძიებლის თანდასწრებით ჰკითხა - ხომ იფშვნება ის ფირები, რომლებითაც ვიღებთო. პროდიუსერი ვერ მიხვდა, რას ამბობდა დონაძე, თუმცა, ვინაიდან კითხვაში პასუხი ჩანდა, მას დაეთანხმა. გამომძიებელი რომ წავიდა, დონაძემ პროდიუსერს უთხრა, ის მასალა გაენადგურებინათ", - აღნიშნა მაკა რაზმაძემ.
მისივე თქმით, იმ დროისთვის მისთვის უცნობი იყო ბუტა რობაქიძის ამბავი. "ეს ამბავი მაშინ არ იყო გახმაურებული და თავიდან ვერც მივხვდი, თუ რას ეხებოდა საქმე", - განაცხადა მაკა რაზმაძემ.