საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, თუ გასული წლების რიტორიკა გადმოტანილია რუსეთის საგარეო პრიორიტეტებში.
"რასაკვირველია, ეს არის თემა, რომელსაც საქართველო არასოდეს არ შეეგუება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის განმტკიცება და გარდა ამისა, არაღიარების პოლიტიკის გატარება. ჩვენ გვაქვს მექანიზმები, თუ როგორ უნდა შევებრძოლოთ ამ მდგომარეობას, რომ სხვა ქვეყნებმა არ აღიარონ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ამ ფონზე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს სხვა თემაა.
"თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამისთვის შექმნილი სპეციალური მექანიზმი ემსახურება ისეთი მარტივი საკითხებით ურთიერთობების აღდგენის დაწყებას, როგორიც არის ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და ა.შ. ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ჩვენი გაცხადებული მიზნები გვაქვს და შესაბამისად ვმოქმედებთ. ადვილი რომ არ იქნება ურთიერთობების გამოსწორება და საქართველოსთვის პრიორიტეტული ამოცანების განხორციელება ეს ყველამ იცის და სწრაფ შედეგებს არავინ არ ელოდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში საქართველოზეც, მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე არის საუბარი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული კონცეფცია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კონცეფციის მეოთხე ქვეთავში, რომელიც რეგიონალურ პრიორიტეტებს ეხება, ნათქვამია, რომ რუსეთის პრიორიტეტებს შორის რჩება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარება, მათი მყარი უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა.
კონცეფციის 52-ე პუნქტში კი, აღნიშნულია, რომ `რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობებით იმ სფეროებში, რომლისთვისაც ქართული მხარე მზადა არის ამიერკავკასიაში არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით